უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც "ენების შესახებ" კანონის მიღებას მოჰყვა შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით განიმუხტოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, იანუკოვიჩმა ეს განცხადება პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
"ვიქტორ იანუკოვიჩმა არ გამორიცხა, რომ თუ ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდება და პარლამენტის მუშაობის სტაბილიზება ვერ მოხდა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცედურაზე უნდა გადავიდეს", - იუწყება პრესსამსახური.
ამავე დროს, უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი ვლადიმერ ლიტვინი აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში და არავითარი პირობებით არ მოაწერს ხელს კანონს ენების შესახებ, რომლის დაკანონებისთვისაც პრეზიდენტის ხელმოწერამდე მისი ხელმოწერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან რუსული ენის შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გადადგება. ეს განცხადება მან დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.
სპიკერი რუსული ენის სტატუსის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პრპცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში, სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 %- სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.