პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ივანე მერაბიშვილის განცხადებით, მას სტატისტიკური მონაცემები არასოდეს აინტერესებდა და ამით არც მომავალში დაინტერესდება.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მან ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს "ციფრებით პაექრობას", რადგან მთავარია, რა განწყობაა საზოგადოებაში.
მერაბიშვილი გარანტიას იძლევა, რომ სტატისტიკური მონაცემებით არც ერთი მინისტრი არ შეფასდება.
"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, რა სტატისტიკა იქნება საქართველოში, რამდენი პროცენტი იქნება უმუშევარი, რადგან ის, რაც ხდებოდა აქამდე, არის მშრალი სტატისტიკა. შსს-ში არასოდეს წამიკითხავს დანაშაულის სტატისტიკა, პოლიციის არც ერთი უფროსი არ შემიფასებია სტატისტიკიდან გამომდინარე - რამდენი დანაშაული მოხდა და რამდენი ადამიანია დაპატიმრებული. პოლიციის მუშაობას იმის მიხედვით ვაფასებდი, რას ფიქრობდა ხალხი პოლიციის უფროსზე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელზე. ვიძლევი გარანტიას, რომ სტატისტიკური მონაცემებით არც ერთი მინისტრი არ შეფასდება. არ ვაპირებ ოპოზიციასთან ციფრებით პაექრობას, რადგან მთავარია, რა განწყობაა საზოგადოებაში, როგორ გრძნობს ხალხი თავს - ბედნიერად თუ გაჭივრებულად. სტატისტიკური მონაცემები კი ბუღალტრული ბალანსებისთვის გამოგვადგება", - განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. მიმდინარე კვირაში კი პარლამენტი პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს.