პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივანე მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის მუშაობა ძალიან ძნელი იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მერაბიშვილმა ყველა პოლიციელს ,,არნახული საქმის გაკეთებისთვის,, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაატარა.
მისივე თქმით, მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც არნახული განვითარება განიცადა.
"ბაჩოსთვის მუშაობა ძალიან ძნელი იქნება, შენარჩუნებაც კი იმ დონის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო განავითარებს და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა მტკიცეა. მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც არნახული განვითარება განიცადა და თითეული ქართველისთვის და პატრიოტისათვის საამაყოა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია ქართული რეფორმების, საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების კვლავაც ერთ-ერთი დასაყრდენი იქნება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და მომავალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს.