ქართულ ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის გაძვირება არ იგეგმება, რადგანაც ქვეყანა ხორბალს მხოლოდ ყაზახეთიდან ყიდულობს, სადაც ხორბლის დიდი მარაგებია. ამ დროისათვის ყაზახეთი ცდილობს გასული წლის ხორბლის მოსავალი "მოიშოროს", რადგანაც შემდგომში ხორბლის ახალი მოსავლის დაბინავება მოახერხოს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა კავშირში განუცხადეს, დღეისათვის საქართველო ყაზახურ ხორბალს 280-300 დოლარად ყიდულობს და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ყაზახური ხორბლის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის. ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა კავშირში განმარტავენ, თუ კი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება კვლავინდებურად გაგრძელდება, მაშინ რეგიონის ქვეყნები ყაზახეთს "მიაწყდებიან" და მათ ხორბალზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ სტაბილური ვითარების შემთხვევაში, ყაზახეთს საექსპორტო ხორბლის მარაგი სექტემბრის ბოლომდე ეყოფოდა, თუმცა თუ კი მოთხოვნა გაიზრდება, მაშინ მისი მარაგებიც შემცირდება. თუმცა როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოში უკვე ხორბლის ახალი მოსავლის აღება იწყება და ქვეყანაში ხორბალზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ხორბალზე ფასები გაძვირდა თითქმის მთელს მსოფლიოში და მან 2011 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
მექსიკის ყურეში ხორბლის ფასი ერთ დღეში 9,83 დოლარით გაიზარდა და ტონაზე 299,18 დოლარი შეადგინა. ჩიკაგოშიც იგივე მოცულობის ზრდა დაფიქსირდა და აქ ტონა ხორბლის ფასი 293,67 დოლარია,
ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი რუსეთსა და უკრაინაში ხორბლის დაბალი მოსავლიანობის პროგნოზია.
სპეციალისტები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებასაც, რომ ფრანგული ხორბლის ხარისხი გარკვეულწილად გაუარესდა.