ლილოში ქიმიური ავზიდან თხევადი ქლორის გაჟონვის გამო შესაძლო საშიშროების ან მისი არ არსებობის შესახებ, არც ერთ კომპეტენტურ უწყებას განცხადება არ გაუკეთებია. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ლილოში შემთხვევის ადგილას არ გამოჩენილან. სამინისტროს გარემოს დაბინძურების, ან მისი უვნებლობის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
არც გარემოს დაცვის სამინიტროსა და არც სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობითვის პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მოწამმვლის შემთხვევაში სიმპტომების ხასიათისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
არ დაზუსტებულა, გაჟონილი ნივთიერების ქიმიური სახელწოდება, ფორმულა და მისი მავნებლობის შესახებ, რამაც მოსახლეობასა და სოციალური ქსელებში სხვადასხვა ვერსიების გავრცელებას შეუწყო ხელი.
ლილოში ჰაერის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა ისან-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა. მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს და ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია. გრიგალაშვილს შესაბამისი სამსახურები არ დაუკონკრეტებია და არც მათი კომპეტენცია უხსენებია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადება საშიშროების ან მისი არ არსებობის შესახებ არც ერთ კომპეტენტურ უწყებას არ გაუკეთებია.
გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1996 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ავალდებულებს ადამიანმა მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
ასევე 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება - დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლება - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა.
დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალებულია 56 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. სპეციალისტების ინფორმაციით, ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
800-ლიტრიან ქიმიურ ავზს დაზიანებული ონკანი გამოუცვალეს და უსაფრთხო ადგილზე გადააქვთ.
დაზარალებულები ქვეყნის პრეზიდენტმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს.
(მასალის განთავსების საწყისი დრო 02:35 რედ.)