პარლამენტის ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ახალი მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამა, პარლამენტში მოგვიანებით - საღამოს საათებში იქნება წარდგენილი.
სპიკერმა ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა პროგრამის გაცნობის მიზნით, კონსულტაციები მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილთან გამართონ, რათა განხილვების გრაფიკი დროულად გაიწეროს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, იგი მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნით არის გამოწვეული. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ცვლილება მხოლოდ ხარჯვით ნაწილში აისახება, თუმცა რა მოცულობის თანხებზეა საუბარი ისინი ვერ ასახელებენ.
საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ბიუჯეტის ცვლილებების დეტალებით დაინტერესებული ჟურნალისტები ხვალისათვის დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე მიიწვია, სადაც პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი წარადგენს.