უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდის ანგარიში მოისმინა. გუნდის წევრები გასულ უქმეებზე აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდნენ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის რეალური გადაწყვეტილებებისა და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯებისთვის, რათა ომის დასრულება დააჩქაროს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა და მზად არის, მის დაცვას ხელი შეუწყოს, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთმაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ამ დროისთვის არ ფიქსირდება, რომ რუსეთი ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ პირობებს ასრულებს. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს და თავდასხმები დღესაც გრძელდება. მთელი დღის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაშია, რუსეთი „შაჰედებს“ იყენებს და ავიაბომბებით დარტყმებს აგრძელებს.
თუ ეს დარტყმები რუსეთის პასუხია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, ეს ნიშნავს, რომ რუსებმა მშვიდობის მიღწევის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე, რათა დეესკალაციამ შედეგი გამოიღოს.
„აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს ყველა დონეზე ვაგრძელებთ. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებსა და დიპლომატიურ ჩარჩოზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გასულ უქმეებზე ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მაიამიში უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდსა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.Axios-ის ცნობით, ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ზელენსკიმ აშშ-ის არაერთი თხოვნა არ გაითვალისწინა და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტაზე უარი თქვა.