თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილს სარჩელი არ დაუკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილდა შალვა ნათელაშვილისა და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ, საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მოსარჩელის განმრტებით, 2011 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შ.ს.ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "112"-ის მომსახურების საფასური, რომლის გადამხდელებიც არიან: ფიქსირებული გეოგრაფიული და არაოგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. იმავე დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცდა, რომ ყოველ კალენდარულ თვეში ფიზიკურმა პირებმა უნდა გადაიხადონ -0.20 ლარი, ხოლო იურიდიულმა პირებმა -0.50 ლარი, იგივე ტარიფი დაწესდა მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისათვის სააბონენტო ნომერზე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ თითოეულ აბონენტს საკუთრებაში აქვს მრავალი სატელეკომუნიკაციო საშუალება და ისინი იძულებულები არიან "112"-ის საფასური გადაიხადონ იმდენჯერ, რამდენი სატელეკომუნიკაციო საშუალებაც გააჩნიათ, ვინაიდან თითოეულ ნომერზე ცალკე ხდება აღნიშნული თანხის დარიცხვა.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის მოქმედებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარემოება, როგორც დამატებითი გარემოება, უნდა არსებობდეს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებთან, აგრეთვე შესაბამის სამეცნიერო-ტექნიკურ აღმოჩენასთან ან გამოგონებასთან ერთად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ შემთხვევაში კი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული საფუძვლებს, არ არსებობს. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
"სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადასტურდა გასაჩივრებული დადგენილების კანონთან შეუსაბამობა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში"- აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.