პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მხრივ საქართველო ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, საქართველოს პარლამენტში 150 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 უკავიათ (ან 6%).
"შედარებისთვის, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ თითქმის 20%-ია. არჩევნები ქალებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, იყვნენ ჩართულები და გახდნენ ლიდერები, რაც საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების განხორციელებისა და დემოკრატიული მმართველობის მთავარი წინაპირობაა. 2011 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც მოიცავს ფინანსურ წახალისებას იმ პარტიებისთვის, რომლებსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის მინიმუმ ორი ქალი ეყოლებათ. პარტიები, რომლებიც ამ პირობას დააკმაყოფილებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არსებული დაფინანსების 10%-ით გაზრდილ ოდენობას მიიღებენ. გაურკვეველი რჩება, გახდება თუ არა ეს არჩევნები პლატფორმა უფრო მეტი ქალისთვის,დაიკავოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად პარლამენტში მხოლოდ ერთ მაჟორიტარი ქალია, ქალი კანდიდატების წარდგენა შესაბამისი პარტიებისთის კონკურენტუნარიან მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი იქნება", - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.