NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა სიების სიზუსტე საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული საარჩევნო პრობლემაა.
ამომრჩეველთა სიის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, 2011 წლის ნოემბერში შეიქმნა 21 წევრისგან დაკომპლექტებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კომისია, რომლის მიზანი ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაა. კანონის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წევრია. არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კომისიის შემადგელობაში ყოფნაზე უარი განაცხადა. კომისიაში თანაბრად არიან წარმოდგენილნი სამოქალაქო საზოგადოების, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისია დაზუსტებულ სიას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2012 წლის 1 აგვისტოს წარუდგენს.
"სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და კომისიას შორის დავის ერთ საკითხს წარმოადგენს ის ამომრჩევლები, რომლებიც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრაციის მისამართზე აღარ ცხოვრობენ. კომისიამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ამ სიის სიზუსტესთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და ამ მოქალაქეების ამომრჩეველთა სიიდან ამოღებაზე უარი განაცხადა.
2011 წლის ბოლოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) - შემთხვევითი სტატისტიკური შერჩევით ამომრჩეველთა სიის აუდიტი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 98.4% საარჩევნო სიაში აღმოჩნდა. თუმცა საქართველოს მოქალაქეების მნიშნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ რეგისტრირებულია მისამართზე, სადაც აღარ ცხოვრობს. კომისიამ დელეგაციას განუცხადა, რომ სიების კარდაკარ გადამოწმების პროცესი ამ პრობლემას გადაწყვეტს"- ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.