საქართველოს კონსტიტუცია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის საჭირო ჩარჩოს ქმნის, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ 2011 წლის ბოლოსა და 2012 წლის დასაწყისში საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვილებებმა საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილი საკითხების დიდი ნაწილი ასახა, თუმცა არაერთი საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.
2011-2012 წლებში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შორის იყო პარლამენტის 73 ერთ-მანდატიანი (მაჟორიტარი) და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტება, რამაც შეცვალა 2008 წელს არჩეული პარლამენტის 75/75-ით დაკომპლექტების სისტემა. ამას გარდა, კანონი განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს, ავტომატურად მიიღებს ექვს ადგილს საკანონმდებლო ორგანოში, რაც საკმარისია საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად. შეცვლილმა კანონმდებლობამ აგრეთვე გააუქმა პატიმრების მიერ ხმის მიცემის სრული აკრძალვა და შემოიღო ფინანსური წახალისება პარტიებისთვის, რომლებიც ქალებს პარტიულ სიებში ჩასვამენ. ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებით, პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზი 25 წლიდან 21 წლამდე შემცირდა.
"ახალმა კანონმა არ გაითვალისწინა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია საარჩევნო ოლქების გათანაბრების მიზნით მათი საზღვრების ხელახალი დადგენის შესახებ. ამჟამად ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანდატიან ოლქში მერყეობს 6000-დან 158 000 ამომრჩევლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმას ოლქების სიდიდის მიხედვით სხვადასხვა წონა აქვს", - ნათქვამია ანგარიშში.