საკანონდებლო რეგულაციების არარსებობა, რომელიც დაარეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის პარამეტრებს, ინდ. მეწარმებს აზარალებს. მეწარმეები თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებენ. ამას ემატება სასამართლოს მიერ მიღებული ფორმალური გადაწყვეტილებები, რადგან სასამართლო თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას, რითაც ხელი ეშლება ბიზნესის წარმოებას. აღნიშნული ნორმების არ არსებობით, ირღვევა კონსტიტუცითა და საერთაშორისო ნორმებით დაცული თავისუფალი სამწარმეო საქმიანობის განხორციელების და საკუთრების უფლება.
ი/მ გრიგოლ ხელაძემ, ორგანიზაცია ,,42-ე მუხლს" დახმარებისთვის 2011 წლის დეკემბრის თვეში მიმართა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხელაძეს საქართველოში შემოაქვს პნევმატური იარაღი, მისი ნაწილები და ტყვიები.
მას პრობლემა შეექმნა შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტთან. კერძოდ, გ. ხელაძის მიერ კანონიერად შემოტანილი საქონლის- პნევმატური იარაღს, მის ნაწილებსა და ტყვიების განბაჟების პროცესი საბაჟოზე შეაჩერეს იმ მოტივით, რომ მოსთხოვეს ცნობა, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.
გ. ხელაძე აღნიშნულს ვერ წარმოადგენდა ვინაიდან კანონმდებლობით დღემდე არ არის განსაზღვრული სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები.
აღნიშნულ საკითხზე ხელაძემ მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტს და მოსთხოვა მის მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება(განბაჟება). შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გ. ხელაძეს უარი ეთქვა პნევმატური იარაღის და ტყვიების გაფორმებაზე, ვინაიდან შემუშავებული არ არის სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები.
აღნიშნული ბრძანება ,,42-ე მუხლმა" თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ვინაიდან ხელაძეს ადგებოდა ზიანი. ორგანიზაცია სასამართლოში ითხოვდა, რომ შემოსავლების სამსახურს დავალებოდა გ. ხელაძის კუთვნილი საქონლის გაფორმება(განბაჟება).
საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაემტკიცებინა სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
ზემოხსენებული დავალებების შესრულების ვადა გავიდა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში. თუმცა, დღემდე გაურკვეველია თუ როდის მოხდება აღნიშნული პარამეტრების შემუშავება.
"42 -ე მუხლი" დაუშვებლად მიიჩნევს, პირს მხოლოდ იმიტომ ადგებოდეს ზიანი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ვალდებულება არ შეასრულა.
"საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: "თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პორტალის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის."
შემოსავლების სამსახური ვერ მიუთითებს და არც არსებობს ნორმა, სადაც პირდაპირ წერია, რომ 4.5 მმ-იანი კალიბრის სპორტული პნევმატური იარაღის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე შემოტანა ან გატანა იკრძალება.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. კერძოდ, ბათილად ცნო შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც უარი გვეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ სადავო საკითხის გადაწყვეტა მაინც არ მოხდა და შემოსავლების სამსახურს ქმედების განხორციელება არ დაევალდებულა. მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს კვლავ ზიანი ადგება.
აღნიშნული გარემოებების გამო სააპელაციო საჩივარი მომზადაა. 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რითაც სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა მართლმსაჯულების განხორციელებას.