სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში საქართველო-სლოვენიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართულ დელეგაციას უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრები სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივან დრაგოლიუბა ბენჩინასთან და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სახელმწიფო მდივან დოქტორ რადო გენორიოსთან.
შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს რეგულარული ხასიათი მიეცემა. აგრეთვე ხაზი გაესვა მაღალი რანგის ვიზიტების აუცილებლობას და ორი ქვეყნის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და მისი მონაწილეობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივები.
სლოვენიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის შესახებ.