ხვალ, 29 ივნისს, 13:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროს ახალ პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამავე უნივერსიტეტის 5 დიპლომანტი რეჟისორი საქართველოს 5 რეგიონულ თეატრში ახალ სპექტაკლებს დადგამს.
სპექტაკლებს დადგამენ დავით ჩხარტიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ირაკლი ძნელაძე ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თამარ პოპიაშვილი თელავის ვაჟა ფშაველას სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯაბა პაპუაშვილი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ ჩარკვიანი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოშრევან ჩხაიძე, ამავე უნივერსიტეტის მენეჯერი ქეთევან ჯანელიძე, დიპლომანტების ხელმძღვანელი, რეჟისორი ლევან წულაძე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხ. ხელმ. გიორგი თავაძე, თელავის ვაჟა ფშაველას სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი, მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ნანა წერეთელი, დიპლომანტი რეჟისორები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი და მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ თეატრებს გამოუყოფს ამ სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს (თითოეულს 8000 ლარის ოდენობით). კულტურის სამინისტრო, უზრუნველყოფს ასევე, დიპლომანტ რეჟისორებს სამივლინებო ხარჯებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონების პროფესიული თეატრების რეპერტუარის გაზრდასა და განახლებას, ამასთან ერთად ახალგაზრდა ხელოვანებს მისცემს იდეებისა და შემოქმედებითი გეგმების რეალიზების საშუალებას.