ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. გრანტების კანონმდებლობაზე „ქართული ოცნების“ პროპაგანდასა და რეპრესიულ შეზღუდვებს სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის ლიდერები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონი სუვერენიტეტის დაცვას ემსახურებოდა, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო-სამართლებრივმა ორგანომ პირდაპირ დაადასტურა საპირისპირო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არა სუვერენიტეტის გაძლიერებას, არამედ კონსტიტუციური სისტემისთვის ძირის გამოთხრასა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
"ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. გრანტების კანონმდებლობაზე, სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს "ქართული ოცნების" ამ რეპრესიულ შეზღუდვებს. "ქართული ოცნების" სპიკერები, განსაკუთრებით, კობახიძე და პაპუაშვილი, კვალიფიციური იურისტების პიედესტალიდან გვიმტკიცებენ, რომ ამ კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, უცხიური გავლენების და ჩარევების გასანეიტრალებლად.
ამ პროპაგანდაზე ვენეციის კომისიის ექსპერტთა კვალიფიციური პასუხი შემდეგია, ვციტირებ: " ეს კანონები მიზნად არ ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და გაძლიერებას და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენებისა და საგარეო ჩარევებისგან დაცვას. ის აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებში. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმის და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენებისა და საგარეო ჩარევებისგან, ეს კანონმდებლობა მათ ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნის". ციტატის დასასრული.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს კანონმდებლობა ზღუდავს არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ, რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს ათასობით ადამიანს. ივანიშვილის რეჟიმს სურს, მოსპოს ამ ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა და აქტივობა, აკრძალოს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ ყველა და ყველაფერი, რაც "ქართულ ოცნებას" გზაზე გადაეღობება, თუმცა ამ ყველაფერს აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასი, რომელსაც "ქართული ოცნება" იხდის, გადაიხდის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამის ერთ-ერთი დასტური გახლავთ სწორედ ვენეციის კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტებს არღვევს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედოს სისხლის სამართლის რეგულაციების გამოყენებას.
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მათი ამჟამინდელი ფორმით, ფიზიკურ პირებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით. კომისია მკაცრად ურჩევს ხელისუფლებას, გადახედოს სისხლის სამართლის სანქციების გამოყენებას გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევის ფარგლებში, ასევე ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებს“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობას ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით დახასიათებულ ტრანზაქციებს. ხელისუფლება თუ მაინც გადაწყვეტს სისხლის სამართლის სანქციებთან დაკავშირებული მიდგომის შენარჩუნებას, სულ მცირე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს იმ ვითარებებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია“,- ნათქვამია დოკუმენტში.