"როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი, ეს ადამიანი შეიძლება მოისყიდოს საარჩევნოდ დაინტერესებულმა პირმა და მითხარით, ვინ არის ის საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც მოსყიდვა განახორციელა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა "ქომაგის" მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების საპასუხოდ.
"ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული უკვე ათიათასობით ადამიანია, რომელთაც ღიად გამოხატეს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. ეს ადამიანები სადაც მუშაობენ, იღებენ ხელფასს, იღებენ სხვა ტიპის დახმარებას, იღებენ ალბათ გრანტებსაც, რადგან მათ შორის იქნებიან ადამინები, რომლებსაც ასეთი ტიპის შემოსავალი აქვთ. ისინი ყველანი ჩვენთან დაკავშირებული პირები არიან და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ასიათასობით ადამიანი პროკურატურაში უნდა დაკითხონ? რას ნიშნავს დაკავშირებული ადამიანები?" _ განაცხადა ხიდაშელმა
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილ იქნა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ფონდის, "ქომაგის" მიერ საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე ბოლო დღეების განმავლობაში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის შემთხვევები.