საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ იმყოფება, რომელმაც მთავრობის კანცელარიაში ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები და სამიტზე მიღებული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისათვის. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს - ნატოს სამხედრო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის გენერალ ბარტელსის დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ეფექტურად იყენებს ნატო-ში გაწევრიანებისათვის მთავარ ინსტრუმენტებს წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევებისა, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩიკაგოს სამიტზე. ამისათვის საჭიროა საქართველომ გააგრძელოს ყველა რეფორმა როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
როგორც გიორგი ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა: საქართველო ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მყარი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები და ასევე, მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველო- ნატოს ურთიერთობების განმტკიცებისათვის.