მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება არჩევნების პროცესის ბოლომდე არ გავრცელდება. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას, საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა Must carry - ის პრინციპი არჩევნების სამივე ფაზაზე გავრცელდეს.
"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძისთვის გაურკვეველია რა აქვს ხელისუფლებას იმის საწინააღმდეგო, რომ არჩევნების შემდეგ მაქსიმუმ 20 დღე მაუწყებლობის ვალდებულები პრინციპი კიდევ გავრცედეს და მოსახლეობას მიეცეს საშუალება არჩევნების შედეგებიც გაიგოს.
მისი თქმით, კანონპროექტში, ვალდებულების შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით, არჩევნების წინა დღის ნაცვლად, უნდა ჩაიწეროს არჩევნების დასრულებამდე, ანუ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ არჩევნების წინა დღეს ტელეარხების გამორთვას შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია, როგორც პოლიტიკური სპეკულაცითვის ასევე ობიექტური მოტივით, რაც დაძაბავს სიტუაციას ქვეყანაში.
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ირწმუნება, რომ არჩევნების წინა დღეს მაუწყებლების გამორთვა ადამიანების ქუჩაში გამოყვანას გამოიწვევს საკუთარი ხმების დასაცავად.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი პავლე კუბლაშვილის განმარტებით, საკაბელო თუ სხვა კომპანიების დავალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, ზოგადად მიუღებელია, თუმცა კანონპროექტის მიზანია, ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩეველს მიაწოდოს თავისი ხედვები და ამომრჩეველმა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით გააკეთოს არჩევანი. შესაბამისად, კუბლაშვილი არჩევნების დღის შემდეგ, ამ ვალდებულების გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
მისივე თქმით, საკაბელოების დავალდებულების გაგრძელდება იმ ტერიტორიებზე მოხდება, სადაც საჭირო გახდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.
რაც შეეხება არხების გამორთვის გამო ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშიშროებას, კუბლაშვილის შეფასებით, ოპონენტები, რომლებიც ამ აზრს გამოთქვამენ, რეალობას აცდენილები არიან.