საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით შვედეთის სამეფოში გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი შვედეთის გზების მშენებლობის სახელმწიფო სააგენტოს Sweroad-ის დირექტორს გუნარ ტუნკრანსს შეხვდა, რის შემდეგაც გზების მშენებლობის სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში ქართული დელეგაციისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მასპინძლებმა მინისტრს საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე მსხვილი პროექტები და საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. მხარეებმა საავტომობილო გზების, მიწისქვეშა და მიწისზედა გვირაბების და ხიდების მშენებლობაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე და საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. აღნიშნული ტექნოლოგიების უკეთ გაცნობის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სტოკჰოლმში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი Citibanan-ი დაათვალიერებინეს. აღნიშნული პროექტი, სტოკჰოლმში, უნიკალური 8 კმ-იანი მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მალე აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მოხდება.