თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსებული ღრმაღელის სათავე ნაგებობა დედაქალაქის წყალმომარაგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. ჟინვალის წყალსაცავიდან ნედლი წყალი სპეციალური 42 კილომეტრიანი გვირაბული წყალსადენის მეშვეობით, ღრმაღელის სათავე ნაგებობას მიეწოდება. ობიექტი აღჭურვილია წყლის გამწმენდი ნაგებობებით, წყალშემკრები კამერებით, მძლავრი სატუმბო სადგურითა და საქლორატოროებით. ამავე ობიექტზეა განთავსებული კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია. თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დღეს თბილისის მერმა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერეს. გიგი უგულავა დეტალურად გაეცნო ღრმაღელის სათავე ნაგებობისა და წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის მუშაობას, რომელმაც ISO-17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ქვესადგურის დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებს ქალაქში არსებული ავარიების სწრაფი აღმოფხვრის მითითება მისცა და მათთან ერთად, გლდანში ერთ-ერთი დაზიანებული ადგილი დაათავლიერა.