ხვალ, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ნაივ მხატვართა - მიხეილ იაძის (1925-1985), თენგიზ ლოლაშვილისა (1929-2000) და ირინე ლიკიშვილი - სომხიშვილის (1924) ნამუშევართა გამოფენა.
ქართული ნაივური ფერწერა ფიროსმანიდან იღებს სათავეს. მრავალი ნიჭიერი მიმდევარი გამოუჩნდა, რომელთა შორის არიან მიხეილ იაძე, თენგიზ ლოლაშვილი და ირინე ლეკიშვილი-სომხიშვილი.
მიხეილ იაძის (სპეციალობით ფიზიკური აღზრდის პედაგოგი)ფერწერულმა ტილოებმა 1988 წელს მოსკოვსა და საფრანგეთში (გარდაცვალების შემდეგ) მსოფლიო ნაივი მხატვრების გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალციხეში ერთ-ერთ ქუჩას მიხეილ იაძის სახელი ეწოდება. მისივე სახელობისაა ახალციხის ეროვნული სტადიონი.
თენგიზ ლოლაშვილმა (სპეციალობით პარიკმახერ-მოდელიორი) ხატვა 1970 წელს შემთხვევით დაიწყო. 1973 წლიდან სისიტემატიურად მონაწილეობდა პრიმიტივისტ მხატვართა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. პირველი ხარისხის დიპლომებისა და ლაურეატის მედლის მფლობელი. თენგიზ ლოლაშვილის ექვსი ნამუშევარი ინახება მოსკოვში - ხელოვნებათმცოდნე ნატალია შკაროვსკაიას კერძო კოლექციაში. იგი ნიკო ფიროსმანთან ერთად შეყვანილია გულუბრყვილო მხატვართა მსოფლიო ენციკლოპედიაში.
ირინე ლეკიშვილი-სომხიშვილი (პროფესიით მედდა) სისიტემატურად მონაწილეობდა ნაივი მხატვრების გამოფენაში, რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი. მისი შემოქმედებითი სტილისთვის დამახასიათებელია ლაკონიურობა, სტერეოტიპიზაცია, თვითმყოფადობა, თანამედროვეობისაგან თავის გარიდება.
გამოფენა დაიხურება 17 ივლისს.