2012 წლის ოქტომბრიდან გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ახალი სეზონი ხელოვნების პროფკავშირების სახლის დარბაზში გაიხსნება და მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს.
დაიდგმება ახალი სპექტაკლი ლიკა მაცხონაშვილის რეჟისორობით. სამუშაო სათაურია "ოცნების გზაჯვარედინზე". წარმოდგენილი იქნება სრულიად ახალი ტიპის თოჯინები. როგორც თეატრის ხელმძღვანელობა აცხადებს ამ ტიპის სპეკტაკლი ჯერ არ დადგმულა.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებელზე მდებარე თოჯინების თეატრის უძველეს შენობას რეაბილიტაცია უტარდება. როგორც თეატრის მმართველმა თემურ ბადრიაშვილმა განაცხადა, თეატრი ერთი წუთითაც არ წყვეტს ფუნქციონირებას.
"ვქირაობთ დარბაზებს და ვდგამთ სპექტაკლებს ჩვენი პატარა მაყურებლებისთვის. მიუხედავად ჩვენი არასტაბილური ადგილსამყოფელისა, სპეკტაკლზე დასწრების სურვილი არ კლებულობს", - განაცხადა მან.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თეატრს აწუხებს, ისაა,რომ არ იმყოფებიან საკუთარ შენობაში.
2014 წელს თოჯინების თეატრი 80 წლის ხდება.
თბილისის თოჯინების ქართული თეატრი 1934 წელს გიორგი მიქელაძის ინიციატივით დაარსდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი თეატრს მისივე სახელი ეწოდა. პირველი სპექტაკლი თოჯინების თეატრში 1934 წლის 26 მაისს იქნა წარმოდგენილი: "ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები".