"ქდმ"-ს ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და ინგა გრიგოლიამ რუსთავში სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრისას განათლების სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
შეხვედრა დემორკატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და ინგა გრიგოლიამ ახალგაზრდებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" უმაღლესი განათლების პროგრამა გააცნეს.
პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დასაქმება და ასევე სწავლის საფასურის შემცირება. პროგრამის მიხედვით, საატესტატო გამოცდების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ყველა სტუდენტმა 50 -პროცენტიანი დაფინანსება უნდა მიიღოს, დანარჩენი საფასურის გადახდა კი, სტუდენტის სწავლის ხარისხზე უნდა იყოს დამოკიდებული.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, განათლების სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი სტუდენტი, რომელსაც არ ექნება დაფინანსება.
გიორგი თარგამაძის თქმით, ამისათვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გათვალისწინება უნდა მოხდეს და საგრანტო საფინანსებაზე დამატებითი 20 მილიონი ლარი გამოიყოს.
„ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, მათ შორის ხელისუფლებას ინიციატივას, რომლის მიღებაც დღესვე არის შესაძლებელი და რომელიც სტუდენტებისათვის საბაზისო დაფინანსების არსებობას გამოიწვევს, რითაც საგრძნობლად გაუადვილებათ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ფინანსური პრობლემების მოგვარება. ეს პირდაპირ აისახება ქვეყანაში ახალგაზრდა ოჯახების შექმნის დინამიკაზე, ჩვენი ერის გამრავლებასა და დემოგრაფიული პრობლემების მოგარებაზე" განაცხადა გიორგი თარგამაძემ
მასალის გამოყენების პირობები