დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების, სკულპტურული კომპოზიციებისა და მონუმენტების საინფორმაციო ალბომის მეორე გამოცემა დაიბეჭდება.
მეორე გამოცემაში წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია 350-ზე მეტი ძეგლის შესახებ. მას აგრეთვე ექნება ბიბლიოგრაფიული დატვირთვაც - თითოეულ პირზე წარმოდგენილი იქნება მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები.
ალბომში რუბრიკით - "თბილისის ახალი სახე" შევა ფოტომასალა ტაძრებზე, ძეველი თბილისის რესტავრირებულ უბნებზე, შადრევნებზე, ხიდებზე, მოედნებზე და აღდგენილ არქიტექტურულ ძეგლებზე. ასევე პირველად წიგნში წარმოდგენილი იქნება წყნეთში, კოჯორში, კიკეთში აღმართული მემორიალები და დიდუბის პანთეონში არსებული ქანდაკებები.
2002 წელს, მწერლის, საქართველოს სახელმწიფო და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატის ბადრი ქუთათელაძის მიერ გამოიცა წიგნი "პოეზია ქვაში - თბილისის ქანდაკება", სადაც შესწავლილია 220-მდე ძეგლი: დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქანდაკებები, სკულპტურული კომპოზიციები და მონუმენტები, ასევე ის ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო აღებული იქნა.
წიგნ-ალბომის გამოცემა ორ ენაზე - ქართულ და ინგლისურ ენებზე იგეგმება. იგი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცემა.