ხვალ, 27 ივნისს, 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლის, პოეტის, ბესიკ ხარანაულის წიგნის "ლექსები, პოემები 1954-2005" პრეზენტაცია გაიმართება.
"ლექსები, პოემები 1954-2005" წარმოადგენს ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრულ კრებულს. იგი მოიცავს 1954-2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს და არის პოეტის ორმოცდაათწლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. წიგნი გამომცემლობა "ინტელექტმა" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.
ბესიკ ხარანაული გამორჩეული შემოქმედია თანამედროვე ქართულ პოეზიაში. იგი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე და ამავდროულად, ახალი, ნოვატორული მოვლენაა. ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული ნაწარმოების - "ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის" და "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა".
მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ლექსების ნაწილი ითარგმნა გერმანულად, ჰოლანდიურად, იტალიურად, ჩეხურად, უნგრულად. 2010 წელს, მისი პოემის ფრანგული თარგმანი "წიგნი ამბა ბესარიონისა" გამოიცა საფრანგეთში.
ბესიკ ხარანაული დაჯილდოებულია სახელმწიფო პრემიით პოეზიაში, რუსთაველის პრემიით, საბას პრემიით პოეზიაში, ოქროს სახეები და სახელები - წლის მწერალი (2009 წ.), საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. 2011 წელს კი ბესიკ ხარანაული საქართველოს სახელით წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.