ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრმა პეტრე მამრაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს ელიტური კორუფციის შესახებ დოკუმენტური მასალა გადასცა.
შეხვედრის შემდეგ მამრაძემ ,,ჯი-ეჩ-ენთან,, განაცხადა, რომ პოლონელი სტუმრები კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ რეპლიკებში გამოიხატა.
,,ვუთხარი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ინტერესები სრულიად ეწინააღმდეგება ერის ინტერესებს და ისინი ვერ მიდიან ხელისუფლებიდან, რადგან იმდენი აქვთ ჩადებნილი, რომ მოუწევთ ციხეში წასვლა. ამაზე ბორუსევიჩმა შესანიშნავად თქვა: ჩვენ ყველას გვესმის რეალური დემოკრატიის არსი, რომ ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს აგებს არჩევნებს და მიდის ძალაუფლებიდანო. დელიკატური რეპლიკებიდან გასაგებია, რომ კარგად იციან რა ხდება რეალურად საქართველოში და კარგად არიან ინფორმირებული. სტუმარმა განაცხადა, რომ არჩევნებზე, პოლონეთიდან გამოაგზავნიან დამკვირვებლებს, თუმცა თქვენ უნდა იმუშაოთო აქტიურად,, - განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, პოლონეთის დელეგაციას მან გადასცა ელიტური კორუფციის შესახებ დოკუმენტური მასალები და დეტალურად გააცნო, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური პრობლემები.
,,ვუთხარი ისიც, რომ საქართველოდან წასულმა ადამიანებმა, ძირითადად ქალბატონებმა, თავიანთი ოჯახების დასახმარებლად, შარშან, მილიარდ სამასი ათასი დოლარი გამოაგზავნეს, რაც ორნახევარჯერ აღემატება საქართველოში შემოსულ ყველა ინვესტიციას. ვუთხარი ისიც, რომ 2008 წელს მოხდა არა ომი, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა რომელიც სააკაშვილმა მოაწყო,, - დასძინა მამრაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან ბოგდან ბორუსევიჩთან ოპოზიციონერი დეპუტატების შეხვედრას, ედპ-ს წევრი გურამ ჩახვაძეც ესწრებოდა.