საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის რაიონში ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, ღარიანი კრამიტით მოეწყობა სახურავი, ეკლესიიის ინტერიერში და ფასადებზე მოხდება ბზარების ინექცირება კირის ხსნარით, დასავლეთ მინაშენის აგურის კედლების დაზიანებულ ადგილებს ჩაუტარდება რესტავრაცია, იატაკი დაიგება სპეციალურად დამზადებული ქართული აგურით, ეკლესიის გარშემო მოეწყობა ღარი ზედაპირული წყლების მოსაშორებლად. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდება.
ვაჩნაძიანში მდებარე VIII-IX საუკუნეების ყველაწმინდის ჯვარგუმბათოვან ეკლესიაში სართულთშორისი გადახურვა გასულ წელს, ზამთარში ჩამოინგრა. ნაგებობა, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, ძლიერად არის დაზიანებული. ეკლესიაში სახურავიდან წყალი ჩადის, დაბზარულია თითქმის ყველა კედელი, ჩამონგრევაზეა ჭერი.