უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 27 აგვისტოს ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს ზამთრის მოახლოებამდე დამატებითი დახმარების პაკეტების მიწოდებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მინისტრის განცხადებით, რუსეთმა ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტებითა და საბრძოლო დრონებით დაარტყა პორტებს, მარცვლეულის საცავებს, ენერგეტიკისა და მრეწველობის ობიექტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.
„ეს სახელმწიფო ტერორიზმია. ეს არა ძალის არამედ უსუსურობის გამოვლინებაა. პუტინს ბრძოლის ველზე არაფერი შეუძლია და ვერაფერს აღწევს. ამის ნაცვლად, ის ფსონს დებს ჩვენი ქალაქების, პორტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ტერორზე. მისი ტერორის უშედეგობის დამტკიცება ამ ომის დასრულებას დააახლოებს“, - დაწერა მინისტრმა.
მისი თქმით, მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, პორტებსა და საზღვაო გზებზე თავდასხმები განსაკუთრებით საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი ადამიანისთვის.
„მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთის თავდასხმების შედეგების დასაძლევად: დამატებითი მარშრუტები, კვოტები, მარცვლეულის შესანახი აღჭურვილობა და ერთობლივი ძალისხმევა ჩვენს საზღვაო გზებზე ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, ზამთრის წინ კიევი დამატებითი მხარდაჭერის პაკეტების გამოყოფისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობა გაძლიერდეს.
„ჩვენ ვაფასებთ თითოეულ წვლილს: საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, გენერაციის სიმძლავრეებს, აღჭურვილობას, რესურსებსა და ენერგორესურსების იმპორტს“, -- აღნიშნა სიბიჰამ.
27 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით, ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტითა და 258 დამრტყმელი დრონით მიიტანა იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 233 სამიზნე გაანადგურეს.