სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ მაია სიდამონიძესთან ერთად, წამყვან ინდოელ ჟურნალისტებს, ღვინის ექსპერტებს, ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერებსა და მარკეტოლოგებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში სტუმრებმა ღვინისა და კონიაკის ცნობილი ქართული კომპანიების საწარმოები - მეღვინეობა „ხარება", „ბაგრატიონი 1882", „სარაჯიშვილი", „შატო მუხრანი", მეღვინეობა „მარანი", „შუხმანის ღვინოები" და „ხოხბის ცრემლები" მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციული ქართული სასმელები დააგემოვნეს.
ვიზიტის ფარგლებში ვიზიტორებმა ალავერდის მონასტერი, წინანდლის მუზეუმი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სხვა კულტურული ძეგლებიც დაათვალიერეს.
მსგავსი ტურების ორგანიზება მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ღვინისა და კულინარიის პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას.