"ქრისტიან-დემოკრატებმა" ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციაზე ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლებას ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა და ასაკობრივი ბარიერის მოხსნა მოსთხოვა.
მათი განმარტებით, სტატისტიკურად სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა 40 წელს არის გადაცილებული, სახელმწიფო კი ფინანსურ დახმარებას მხოლოდ 18 წლამდე ასაკის, ან 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს სთავაზობს.
ანიკაშვილის თქმით ხელისუფლება ასაკობრივი ბარიერი მინიმუმ 40 წლამდე უნდა დაწიოს, რადგან შრომისუნარიანობით სწორედ ამ ასაკის ადამიანები გამოირჩევიან და მათ სახელმწიფო მხარში უნდა ამოუდგეს.
"ყოველწლიურად 7 ათასამდე ახალი პაციენტი ემატება ამ ჯგუფს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსება არის მკურნალობაზე უკიდურესად შეზღუდული, აღნიშნული პროგრამა მოქმედებს მხოლოდ ასაკობრივი ბარიერებით, ჩვენი მოთხოვნა კვლავ არის ის, რომ გაიზარდოს ონკოლოგიის პროგრამის დაფინანსება და რაც მთავარია მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი. სტატისტიკა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვნად არის გაახალგაზრდავებული ეს დაავადება, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში", - განაცხადა ანიკაშვილმა.