29 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება პროექტის _ ქართული პოეზიის კალენდრის "პოეზიის 365 დღე~ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გამოიფინება პოეზიის კალენდარში შეტანილი ფოტოები.
ლიტერატურული პროექტი "პოეზიის 365 დღე" მიზნად ისახავს ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. პოეზიის კალენდრის იდეის ავტორმა ნონა მამისეიშვილმა, დიზაინერმა მაკა ცომაიამ და პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ შეადგინეს XX-XXI საუკუნის ქართული პოეზიის კრებული, რომელიც იმავდროულად არის ყოველდღიური ჩასანიშნი კალენდარი-ბლოკნოტი. კრებული დასურათებულია მხოლოდ ქართული ხედებით, ჩასანიშნი მხარე არის მოსახევი და წლის ბოლოს მკითხველს ხელში რჩება 100 ქართველი პოეტის პოეზიის კრებული 365 რჩეული ლექსით. პროექტის ფარგლებში რადიო "კომერსანტის" ეთერში ყოველდღიურად გავა კალენდარში დაბეჭდილი თითო ლექსი. ლექსებს კითხულობენ ახალგაზრდა მსახიობები და ავტორები.
პროექტის მხარდამჭერია გამომცემლობა "ინტელექტი", შპს "სეზანი", რადიო "კომერსანტი~, ტურისტული სააგენტო "თებულოტური~, ვახტანგ სურგულაძე.