ხვალ, 26 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში იუნესკო-ს კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა იუნესკო-ს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ბაგრატისა და გელათის ტაძრის საკითხი. მისივე განმართებით, საქართველო არ არის კომიტეტის წევრი ქვეყანა და დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"მსჯელობის მსვლელობისას ქართულ მხარეს მიეცემა საშუალება, თავისი აზრი გამოხატოს", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ცნობისთვის, გელათი და ბაგრატის ტაძარი იუნესკო-ს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში ერთად კომპლექსად არის შეყვანილი.
იუნესკო-ს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების წარმომადგენლებით და ექსპერტებით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ბაგრატის სარესტავრაციო პროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმებით მომზადდება. ბაგრატის რეაბილიტაცია კათოლიკოს-პატრიარქის მოთხოვნის საფძველზე შეჩერდა, რადგან ტაძრის დასავლეთის მკლავზე განხორციელებული სამუშაოები საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო.