ვისოლ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ამომრჩევლების "მოსყიდვის" ფაქტთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლლად გთავაზობთ:
მ/წ 14 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ. სამტრედიაში ადგილი ჰქონდა ჩემს მიერ ამომრჩევლების "მოსყიდვის" ფაქტებს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, არ ვიყრი კენჭს არც სამტრედიის რაიონში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას.
რაც შეეხება თვითონ აქციას, ვისოლ ჯგუფისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტივობა წარმოადგენდა და წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთ ქვაკუთხედს და ჩვენ ამ მხრივ ყოველთვის ვაქტიურობდით, ვაქტიურობთ და მომავალშიც ვიაქტიურებთ.
ქ. სამტრედიაში ვისოლს გააჩნია საქართველოში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ნავთობტერმინალი და ავტო-გასამართი სადგური. ჩვენი აქციით გვინდოდა თანადგომა გამოგვეხატა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავირჩიეთ დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. საქველმოქმედო აქცია ხორციელდებოდა "ვისოლ ჯგუფის საქველმოქმედო ფონდის" სახელით, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ და ბუნებრივია, გაჟღერდებოდა კიდეც ჩემი სახელი. აღნიშნულ აქციას ადგილზე კოორდინაციას უწევდა "ვისოლ ჯგუფის საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენელი ქ-ნი თამარ ქარჩავა.