დღეს, 25 ივნისს, საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური, სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია ,,ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის #53-ე ბრძანების შესაბამისად ხორციელდება.
რეგისტრაციის ჩატარების ვადები და ადგილებია:
1."Prima facie"-ს პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2012 წლის 25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობა;
2."Prima facie"-ს პრინციპითა და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2012 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ქ თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში (მის.: თამარაშვილის 15ა).
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას ზემოაღნიშნულ ვადებში და მისამართებზე, ვალდებულები არიან გამოცხადნენ სამინისტროს შენობაში 2012 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.