იტალიამ, კი მართალია, საფეხბურთო ლატარეით, მაგრამ მაინც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება. „სკუადრა აძურა" მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და სიმართლე გითხრათ, უსამართლო იქნებოდა ინგლისს რომ ნახევარფინალში გაეღწია.
მატჩი იტალიელთა შეტევებით დაიწყო და მარიო ბალოტელის შორეულ დარტყმას, რომელსაც მისი თანაკლუბელი ჯო ჰარტი (ორივენი მანჩესტერულ „სიტიში" თამაშობენ) დაეუფლა, ორიოდე წუთში პირველი რეალური საგოლე მომენტი მოჰყვა. დე როსიმ მარჯვნიდან ჩაწოდებულს დაჰკრა და ბურთი ინგლისელთა ძელმა მოიგერია. ჰოჯსონის შეგირდებმა უმალ საკადრისი პასუხი „გამოაცხვეს", რომელიც მთელ მატჩში ბრიტანელების მიერ შექმნილი ყველაზე რეალური მომენტი იყო. ბუფონის პირისპირ დარჩენილმა ჯონსონმა „რბილად", მაგრამ სახიფათოდ დაარტყა, რასაც „ჯიჯი" მეორე ცდაზე დაეუფლა.
ეს იყო და ეს - ამის შემდეგ იტალია უტევდა, ინგლისი კი, თავს წარმატებით იცავდა. დამატებითი დროის შემაჯამებელი სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, ვინ რას აკეთებდა მოედანზე - აძურელთა მიერ მეტოქის კარისკენ 35-ჯერ გაგზავნილ ბურთს კიპერი 19-ჯერ დაეუფლა. ინგლისელთა ნადავლს რაც შეეხება, აქაური სურათი ასეთია - „მიზანს" 9-დან 4-მა მიაღწია.
აქტიური იყო ბალოტელი, რომელიც ხშირად იღებდა საკუთარ თავზე ინიციატივას და სახიფათოდაც უტევდა ჰარტის სამფლობელოს. ჩეზარე პრანდელის შემცვლელებმაც გაუმართლეს - ნოჩერინო და განსაკუთრებით დიამანტი, დამატებით დროში საუკეთესოები იყვნენ. ერთხელ დიამანტის შესრულებული „სტანდარტი" ნოჩერინომ თავით გოლადაც აქცია (115-ე წუთზე), მაგრამ პორტუგალიელმა თანამსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
პენალტების სერიაში, მონტოლივოს მიერ აცილების შემდეგ, რუნიმ დააწინაურა მისი გუნდი, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ეშლი იანგისა და ეშლი კოულის გაცუდებულ დარტყმებს, შესაბამისად ნოჩერინომ და დიამანტიმ ზუსტი რეალიზაციით უპასუხეს და „სკუადრა აძურას" ფინალისკენ გზას გააგრძელებინეს.
იტალია ევრო-2012-ს მეორე ნახევარფინალში გერმანიას 28 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი ვარშავაში შედგება და ტრადიციულად 22:45 საათზე დაიწყება.
ინგლისი - იტალია 0:0, 2:4 (პენალტებით)
კიევი. 24 ივნისი, 2012. „ოლიმპიური". 64340 მაყურებელი. 22:45
ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი, ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული, მილნერი (უოლკოტი, 61), ჯერარდი, პარკერი (ჰენდერსონი, 94), ეშლი იანგი, რუნი, უელბეკი (კეროლი, 60).
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.
იტალია (4-1-3-2): ბუფონი, აბატე (მაჯო, 90+1), ბარძალი, ბონუჩი, ბალცარეტი, პირლო, მარკიზიო, მონტოლივო, დე როსი (ნოჩერინო, 80), ბალოტელი, კასანო (დიამანტი, 78).
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გაფრთხილებები: ბარძალი (82), მაჯო (94).
პენალტების სერია: 0:1 ბალოტელი, 1:1 ჯერარდი, 1:1 მონტოლივო (ააცილა), 2:1 რუნი, 2:2 პირლო, 2:2 იანგი (ხარიხა), 2:3 ნოჩერინო, 2:3 კოული (მეკარე), 2:4 დიამანტი.
მსაჯები: პედრო პროენსა; ბერტინო მირანდა, რიკარდუ სანტუში; მანუელ დე სოუსა, დუარტე გომეში (ყველა პორტუგალია); ჩუნეით ჩაკირი (თურქეთი).
დარტყმა 6 (1)-23 (11); ჯარიმა 15-11; კუთხური 3-7; თამაშგარე 1-2; ბურთის ფლობა 37%-63%; სეივი 9-1.