სოფელ კოდაში, რუსთავსა და შაუმიანში დევნილებისთვის 1-ლი თებერვლიდან სათემო განათლების ცენტრები ამოქმედდება. მათი პრეზენტაცია დღეს სოფელ კოდაში გაიმართა. პროექტი დევნილების სოციალ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხება და მისთვის ევროკავშირმა 1 მილიონი ევრო გამოყო.
პრეზენტაციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - პერ ეკლუნდი და ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო. პროექტის მიზანია დევნილთა მხარდაჭერა და არაფორმალური განათლების პროგრამების განხორციელება. კოდაში, რუსთავსა და შაუმიაში მცხოვრებ დევნილებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში უფასოდ მიიღონ მონაწილეობა. მათ შორისაა ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლა, იურიდიული დახმარება, იურიდიული კურსები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ხელსაქმე, ასევე ტრეინინგები და სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადება.
როგორც კობა სუბელიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ დევნილმა მოსახლეობამ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს: "კოდაში დიდი და პატარა ლიახვის და კოდორის ხეობის მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ცენტრში მათ საშუალება ექნებათ, ის შეისწავლონ, რაც აინტერესებთ. ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ, ხელსაქმეს დაეუფლონ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ცენტრი იქნება დევნილთა თავშეყრის ადგილი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხს ერთად გადაწყვეტენ."
თვის ბოლოს მსგავსი ცენტრები სამეგრელოშიც გაიხსნება.