პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გურიას ესტუმრა და კურორტ ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბახმაროს, როგორც კურორტის მნიშვნელობასა და მის პოტენციალზე და აღნიშნა, რომ სულ მალე აქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი აშენდება.
ამავე პროექტის თანახმად, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გათვალისწინებულია ბახმაროს ცენტრში 15 ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სასტუმროს მშენებლობა. ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია; აშენდება ამფითეატრის ტიპის კინოთეატრი, რომელიც 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი; მოეწყობა სპორტული მოედნები. ასევე ცენტრალურ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი სუპერმარკეტის, აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებელობაც. ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ცენტრალური მაგისტრალი ჩოხატაური - ბახმაროს მიმართულებით და კურორტ ბახმაროს შიდა გზები, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.