კონტროლის პალატა 32 პირის მიერ, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის სახით გაღებული თანხების წარმომავლობას და დასაბუთებულობას შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლის პალატა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა პოლიტიკურ გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას". - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.