საპატრიარქო 23-24 ივნისს, სასტუმრო "ამბასადორში" დაგეგმილ კონფერენციასთან "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება" კავშირს უარყოფს და მოსახლეობას აფრთხილებს , რომ მის უკან კონკრეტული სექტა დგას.
"უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე `ღმერთის სიტყვა _ სულიწმინდა _ განკურნება!~, რომელიც სასტუმრო "ამბასადორში" 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევს ავრცელებს ე.წ. "ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა" სექტა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ასევე ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე `მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი~ და `დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი~ აწყობენ ღია კარის დღეს.
"აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას", - აღნიშნულია განცხადებაში.