პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონის, ე.წ "Open Gate"-ის სისტემა ამოქმედდება. ჩასხდომის ერთიანი ზონა, დახურულ ტერიტორიაზე შესული მგზავრების კომფორტისა და თავისუფალი გადაადგილებისთვის არის შექმნილი.
ტერმინალში საპასპორტო კონტროლისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, მგზავრი კვეთს საზღვარს და ჩასხდომის ერთიან ზონაში ხვდება, სადაც სრული თავისუფლებით გადაადგილდება. მგზავრებს შეუძლიათ, აუჩქარებლად შევიდნენ Duty Free-ში, მაღაზიებში, კაფე-ბარებში და მათზე გათვლილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მგზავრები, აღარ გაივლიან დამატებით შემოწმებას და პირდაპირ თვითმფრინავში ჩასხდომას შეძლებენ.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეუერთდა იმ ევროპული აეროპორტების რიცხვს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ჩასხდომის ერთიანი ზონით. ე.წ. „Open Gate" - ის სისტემა გაცილებით გაადვილებს აეროპორტში მგზავრების გადაადგილებას, მომხმარებლის კმაყოფილება კი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლამ აეროპორტის გაფართოება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი მგზავრის მომსახურების საშუალებაც მოგვცემს"- განაცხადა „ტავ ჯორჯია"-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ექალმა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად მოფრენის დარბაზი - 60 კვ. მეტრით, ხოლო გაფრენის დარბაზი - 160 კვ. მეტრით გაფართოვდა.
ჩასხდომის ერთიანი ზონა, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყან აეროპორტში მოქმედებს და მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.