გლობალ ტვ-ს ს ქონების დაყადარების ფაქტზე კოალიცია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს:
21 ივნისს პროკურატურა ერთდოულად შეიჭრა "გლობალ ტვ"-ს რამდენიმე ოფისში და დააყადაღა მისი ქონება - სატელიტური თეფშები და შესაბამისი აპარატურა. ხელისუფლების ამ უკანონო ქმედებას წინ უძღოდა კონტროლის პალატის მიერ კოალიცია "ქრთული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის უკანონო დაჯარიმება 63 110 095 ლარით, რომლის მიზეზად იგი ასახელებს ბიძინა ივანიშვილის კავშირს კომპანია "გლობალ ტვ"-სთან, რისი იურიდიული დადასტურება მას არ გააჩნია. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ ასევე უკანონოდ დააკავა კომპანია "გლობალ ტვ"-ს ამერიკელი თანამფლობელი და მისი გათავისუფლება ვერ მოხერხდა, სანამ ადგილზე არ მივიდა აშშ-ს კონსული საქართველოში.
ბოლო ერთი კვირის მანძილზე მომხდარი ეს სამი ფაქტი ადასტურებს, რომ სრულ აგონიაში ჩავარდნილ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი - არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება საქართველოს რეგიონებში, რომლითაც მოსახლეობას უჩნდება ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება.
ხელისუფლების მიზანია, შეინარჩუნოს ის საინფორმაციო ვაკუუმი, რაც შექმნილია მის მიერ კონტროლირებული ტელევიზიების პირობებში. გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ობიექტური ტელევიზიების დახურვა, რადგან მან საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და მოქმედებს კანონგარეშე სივრცეში, მიმართავს ტერორს დემოკრატიასა და თავისუფალ სიტყვაზე.
კოალიცია "ქართული ოცნება" აღნიშნულ ვითარებაზე ინფორმაციას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აწვდის საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირების მიზნით.
ის, რაც ახლა ხდება კომპანია "გლობალ ტვ"-ს მიმართ,არა მარტო საქართველოს მოსახლეობის თვალში წარმოაჩენს ამ ხელისუფლების ნამდვილ სახეს, არამედ დემოკრატიულ თანამეგობრობაში ჩვენს პარტნიორებსაც გაუიოლებს სწორი დასკვნების გაკეთებას.
კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ისტერიული ნაბიჯები. როგორც კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განაცხადა, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. სიტუაცია სულ მალე შეიცვლება, პროცესი შეუქცევადია და ოქტომბერში ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდება.