პოლიციელები „გლობალ TV"-ის ყვარლის საწყობშიც შევიდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლიდან აცნობეს, სამართალდამცავები საწყობში არსებული ანტენების აღწერას ახდენენ. ანტენების მონტაჟი შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებმა დღეს ერთდროულად დაიწყეს „გლობალ TV"-ის დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება თბილისსა და ქობულეთში. ანტენები შპს „ელიტა ბურჯის" საწყობებშია დალაგებული, რის გამოც პოლიცია სწორედ ამ კომპანიის ოფისებში შევიდა, სადაც მუშაობა ამ დრომდე პარალიზებულია, არ უშვებენ კომპანიის ადვოკატებს და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ანტენების დაყადაღება პროკურატურამ მოითხოვა. მოსამართლე ფუხაშვილის ბრძანება, რომლითაც პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რომელიც „გლობალ TV"-ის ადმინისტრაციას ფაქსით გაუგზავნეს, ხელმოუწერელია და არც სასამართლოს ბეჭდით არის დამოწმებული.
რამდენიმე წუთის წინ, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპანია „გლობალ TV"-ის ოფისს პოლიციელებმა ალყა შეამორტყეს. ოფისში ერთადერთი თანამშრომელი თამუნა იაკაშვილი იმყოფება, რომელსაც პოლიციელები გარეთ არ უშვებენ. შენობაში არ უშვებენ ჟურნალისტებს.