ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ "დებატების კლუბის" მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის წევრებმა კარლ პოპერის სახელობის დებატების ფორმატით გამართეს დებატები. განსახილველი თემა იყო საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კერძოდ, მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება.
"სტუდენტების მონაწილეობა დებატების კლუბში მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს გამოუმუშავდებათ დებატების კულტურა და უნარები. დღეს გაიმართა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელმაც ამ პროექტის წარმატებული შედეგი გვაჩვენა. ეს კი იმის საფუძველია, რომ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება", - აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
"სტუდენტები საკმაოდ მოკლე დროში დაეუფლნენ დებატების სრულ ფორმატს. მათ საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღეს. ისინი უკვე მზად არიან დებატების მსაჯები გახდნენ, სადაც კიდევ უფრო განივითარებენ ამ უნარებს", - განაცხადა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმზღვანელმა თინათინ ცერცვაძემ.
დებატების კლუბის წევრის თამარ გრძელიშვილის თქმით, მსგავსი მიმართულების ტრენინგების ჩატარება აუცილებელია. "საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არ არსებობს დებატების კულტურა. კლუბის მეშვეობით საშუალება მომეცა გავცნობოდი დებატების ნიუანსებს და დავსწრებოდი ტრენინგებს. კლუბში მიღებული ინფორმაცია და შეძენილი უნარები აუცილებლად გამომადგება მომავალში", - აღნიშნა გძელიშვილმა.
დებატების კლუბი 2012 წლის გაზაფხულის სემესტრიდან თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. კლუბის მუშაობას უძღვებიან გამოცდილი მწვრთნელები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები.