დოროგომილოვსკის სასამართლომ 39 წლის რიჩარდ ძასოხოვს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრის გოჩა ძასოხოვის ძმას, რომელსაც ბრალი ედება აჭარის შს მინისტრის მოადგილის, ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობაში, განაჩენი გამოუტანა. რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას წერს, რომ მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ დაუსჯელი დარჩებოდა და სასამართლოზეdaც კი სინანულს გამოხატავდა მხოლოდ ერთი რამის გამო: რომ მას მანიკიურის გაკეთების საშუალება არ მიეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი და მისი მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ. ისინი ორივე ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იყვნენ, თუმცა შემდეგ ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ და იძულებულნი იყვნენ, საქართველო დაეტოვებინათ.
2010 წლის 9 სექტემბერს ღამით 10-ში გამთენიისას ისინი ორივე სასტუმრო "უკრაინაში" გამართულ ბანკეტზე აღმოჩნდნენ. როდესაც ღონისძიება დასრულდა, მამაკაცები ერთად ტარას შევჩენკოს სახელობის სანაპიროზე გავიდნენ, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. შედეგად, რიჩარდ ძასოხოვმა ამოიღო სტეჩკინის პისტოლეტი და ორჯერ ესროლა მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ რიჩარდ ძასოხოვი ჩაჯდა ტაქსიში და წავიდა. ჯინჭარაძე კი ადგილზე გარდაიცვალა.
ბოროტმოქმედის პიროვნების დადგენა რთული არ იყო. იმ დღეს მას ღია ოქროსფერი პიჯაკი და შავი შარვალი ეცვა, იგი კარგად დაიმახსოვრეს მოწმეებმა. თუმცა რიჩარდ ძასოხოვი მხოლოდ 2011 წლის აგვისტოში დააკავეს ტემრიუკში.
იზოლატორში ცნობილი პოლიტიკოსისა და სპორტის მოღვაწის ნათესავი გამუდმებით წუწუნებდა ცუდი პირობების გამო, წუხდა, რომ კამერაში არ იყო პლაზმური ტელევიზორი და სთხოვდა ადვოკატებს, მიეწოდებინათ მისთვის ახალი ტანისამოსი დოლჩე და გაბანას კოლექციიდან - ციხის გასეირნებისთვის. საინტერესო არის ის, რომ ეს წუწუნი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში არ შემწყდარა.
დანაშაულის მოტივი კი უცნობი დარჩა. რიჩარდ ძასოხოვმა განაცხადა, რომ კარგად არაფერი ახსოვს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ რიჩარდი და ელგუჯა, რომელსაც გარკვეულ წრეებში "რემბოს" ზედმეტისახელით იცნობენ, ძველი კონფლიქტის გამო წაკამათდნენ, რომელიც ჯერ იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც ორივე მათგანი სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ. მეორე ვერსიით, ისინი რაღაც ძალიან პირადულზე ჩხუბობდნენ.
სასამართლომ რიჩარდ ძასოხოვს 9, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს რიჩარდ ძასოხოვისთვის პირველი ნასამართლეობა როდია: ერთხელ სკანდალის დროს მან რესტორანში ავეჯი დაამტვრია და ამის გამო ჯარიმის გადახდა დააკისრეს.