"დემოკრატიული მოძრაობა" ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2009 წლის 31 ივნისს საქართველოს კულტურისა სამინისტრომ ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და სამუშაოც დაიწყო, ისე, რომ პროექტის დოკუმენტაცია "იუნესკოში" გაგზავნილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ამ სამუშაოს არც ფართომასშტაბიანი კვლევა უძღვოდა წინ. ამ საგანგაშო ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნეებისა და ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც იმთავითვე დაუშვებლად მიიჩნევდნენ რეკოსტრუქციის იმ გზას, რომელიც ვაჩეიშვილის უწყებისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არც საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება გაითვალისწინა და მაინც დაიწყო ტაძრის ე.წ. რესტავრაცია.
"დემოკრატიული მოძრაობა" თავიდანვე თვალყურს ადევნებდა ამ პროცესს და 2009 წლის 9 ოქტომბერს გაავრცელა საგანგებო განცხადება იმის თაობაზე, რომ ვითარება საეჭვო და საგანგაშო იყო, რადგან ხელმოუწვდომელი იყო ყველანაირი ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის რეკოსნსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით. მაშინვე ამ საკითხზე "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესაუბრა პატრიარქს. როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ კვლავ თავის ჩვეულ სტილში, მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით იმოქმედა. "დემოკრატიულმა მოძრაობამ" 2009 წლის 9 ოქტომბერს ასევე წერილით მიმართა "იუნესკოს" გენერალურ მდივანს ირინა ბოკოვას", - აცხადებენ "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, ბურჯანაძე, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს ეწინააღმდეგებოდა ბაგრატის ტაძრის იუნესკოსთან და სპეციალისტებთან შეუთანხმებელი პროექტით რესტავრაციას და შეძლო კიდეც ამ პროცესის შეჩერება.
"სამწუხაროდ, ხელისუფლების ოთხწლიანი გაუაზრებელი სარეკოსნტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ბაგრატის ტაძარი კარგავს ავთენტურობას და ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო. ასეთია "იუნესკოს" წინასწარი დასკვნაც. "დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს ანტიეროვნულ მიზანმიმართულ პოლიტიკას - გაანადგუროს ყველაფერი ტრადიციული და ისტორიული, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა და რაც ჩვენი ხალხისთვის ასე სათუთი, ხელშეუხებელი და ფასეულია. "დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება უწმინდესისა და უნეტარესის განცხადებას, რამაც შეაჩერა სარესტავრაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეკლესიის მკვეთრი პოზიცია და შემდგომი ქმედებები რეალურ პოზიტიურ შედეგს გამოიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.