საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის მტკიცებით, საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოთა რიგშია ტრეგფიკინგთან ბრძოლაში. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული, ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ანგარიშის ანალიზი არსწორადაა გაკეთებული.
როგორც მინაშვილი განმარტავს, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რამდენიმე ჯგუფია დაკვალიფიცირებული და ამ ჯგუფებში საქართველო ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა რიგშია ტრეგფიკინგთან ბრძოლაში.
''ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად არის დანია, გერმანია, ესტონეთი. ბუნებრივია, პრობლემა არის, იმიტომ რომ სრულად აღმოფხვრა ვერ ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადაც საუბარია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველომ თავის მოქმედებები გააუმჯობესა. სპეციალური ადგილებია, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარია, საქართველომ დაფინანსება გაზარდა, რომ უკეთესი გარემო იყოს. ყველა მიმართულებით საქართველოს თავის აქტივობა გაუმჯობესებული აქვს", - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აჭარაში თურქების მიერ შუა აზიიდან მცირეწლოვანი გოგონების ტრეფიქინგის მიზნით ჩამოყვანის შესახებ, მინაშვილმა განაცხადა, რომ ეს არასერიოზული განცხადებებია და მათზე კომენტარს არ გააკეთებს.
აშშ-სა სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის ქალების სექსულური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც. ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ასევე თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ქართულ მედიაში გავრცელებული ვერსიით, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წლებში ასეთი შემთხვევები ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან (შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც) ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში და სასტუმროებში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. აშშ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ უფრო მეტი მეთოდი იქნას გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად; ანგარიშში მოყვანილია შრომით უფლებებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ტრეფიკინგს ხელს შრომითი ინსპექციის ნაკლებობა და "შრომის კოდექსის" სისუსტე უწყობს.