ხვალ, 21 ივნისს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია "სოფლად განვითარების პერსპექტივები მცირე ფერმერებისთვის" გახსნება. კონფერენციის მიზანია სოფლის განვითარების პრობლემატიკის შესახებ მსჯელობა და წინა პლანზე წამოწევა, აგრეთვე ამ სფეროში ჩართული მხარეების დაკავშირება შემდგომი თანამშრომლობისთვის. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ სოფლის მეურნეობის, გენდერული ფაქტორებისა და ახალგაზრდობის როლს სოფლის განვითარებაში. დისკუსია ფოკუსირებული იქნება ამ სამ სფეროში მოქმედი მხარეების პასუხისმგებლობებისა და როლების განსაზღვრაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლები.
"კონფერენცია საშუალებას იძლება ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მცირე ფერმერების ჩართვა სოფლად მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. გარდა ამისა, კონფერენცია არ განიხილება როგორც ცალკე მდგომი ღონისძიება. ის წინა პერიოდში გამართულ შეხვედრებს ეხმიანება და მდგრადი გავითარების მისაღწევად უფრო შეთანხმებული მუშაობის დაწყების წინაპირობას ქმნის", - აღნიშნა ქეა საერთაშორისო კავკასიის მისიის დირექტორმა ტომას რეინოლდსმა,.
"საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებს გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობით ევროკავშირი ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობისა და ზოგადად სოფლის განვითარების მნიშვნელობას საქართველოსთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, რომ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე ფერმერების პოტენციალის სათანადოდ შეფასებაა", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა რამონ რეიგადამ.
"მცირე ფერმერებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები ხორციელდება სასაქონლო ჯაჭვის ხელშეწყობის და ‘ბაზარი-ღარიბებისთვის (M4P)" პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც ზუსტად ასახავს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის პოტენციალს და ხელს შეუწყობს სიღარიბის მნიშვნელოვან შემცირებას სოფლად", - აღნიშნა ამიერკავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისის დირექტორმა რუდოლფ შოხმა.