სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით, მთლიანად დაირღვა მოსწავლის აღზრდის პრინციპები. როგორც ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით, სკოლებში "ჩაშვების" სისტემა დაინერგა. ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მანდატურების ინსტიტუტის დანერგვა ხელისუფლების მიერ სკოლებში არაპროფესიონალი სკოლის დირექციის შეყვანამ განაპირობა, რომლებიც სკოლის დისციპლინას ვერ უზრუნველყოფენ.
"ვეთანხმები პატრიარქის მოსაზრებას. ბავშვებზე პოლიციური რეჟიმით ძალადობა არ შეძლება, "ჩაშვების" ინსტიტუტის სკოლებში დანერგვა არ შეიძლება. მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით მთლიანად დაირღვა მოსწავლის აღზრდის ფუნდამენტური პრინციპები", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სკოლებში არაპროფესიონალი დირექტორები შეიყვანა, რის გამოც აუცილებელი გახდა სკოლებში პოლიციური სისტემის დანერგვა.
"სკოლებში დისციპლინა უნდა მართოს სკოლის დირექციებმა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არაპროფესიონალი დირექციები მოიყვანა. ისინი სკოლებს ვერ მართავენ რის გამოც, საჭირო გახადა სკოლებში პოლიციური რეჟიმის დამყარება", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია სკოლებში პროფესიონალი მასწავლებლების დაბრუნება.
"ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა პროფესიონალი დირექციები და მასწავლებლები სკოლებს დაუბრუნდებიან, რადგან სკოლები პროფესიონალებმა უნდა მართონ და არა არაპროფესიონალებმა, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაისა და ვარდებს დაარბენინებდნენ", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც სკოლებში ხდება, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
"დირექტორი იმიტომ იღებს ხელფასს, რომ მან უნდა გააკონტროლოს სკოლაში დისციპლინა და ამაში უხდის ფულს სახელმწიფო. თუ ამას ხელისუფლების მიერ დანიშნული არაპროფესიონალი დირექტორები ვერ აკეთებენ, ჩვენი პრობლემა არ არის. ეს არის "ნაციონალური პარტიის" პრობლემა", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის აზრით, მანდატურის საკითხი სკოლებში გადასახედია, რადგან მანდატურები მოსწავლეებს ენის მიმტანებად ზრდიან.