საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რუსთავში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი "არენა" გახსნა.
სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი, აქვე დამონტაჟებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. ცენტრში ფუნქციონირებს ფიტნეს-დარბაზი, საუნა, სილამაზის სალონი და კაფე.
პროექტის განსახორციელებლად მილიონი ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. იგივე ოდენობის თანხით დაფინანსდა მშენებლობა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან.
პრეზენტაციაზე სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათთვის აუზზე შეღავათებია დაწესებული.
კეთილმოეწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტების აკვაპარკის მშენებლობა იგეგმება. ობიექტის მშენებლობას საფუძველი დღეს პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად ჩაუყარა.