„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება. „სახალხო კრების" პრე-სამსახურის ინფორმაციით, „სახალხო კრების" წევრმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის 2012 წლის 21 მაისს გაჟღერებული ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს კრებაში შემავალ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს დაიწყონ კონსულტაციები წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარმოდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.
„სახალხო კრებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები „დემოკრატიულ მოძრაობას", მოძრაობა „თეთრებსა" და „თავისუფალ საქართველოს" შორის აქტიურად მიმდინარეობს. ასევე აღინიშნა, რომ ისინი აწარმოებენ ინტენსიურ, მუდმივ შეხვედრებს საკუთარი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ადგილებზე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და გაკეთდეს ზუსტი ანალიზი მთელი ქვეყნის მაშტაბით წინასაარჩევნო მდგომარეობის დინამიკასთან დაკავშირებით.
აღმასრულებელმა საბჭომ განიხილა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობების ფორმები, მათ შორის განხილულ იქნა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება მაჟორიტარ კანდიდატებტან დაკავშირებით.
„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრეა, თვლის რომ კოორდინირებული მოქმედებები ოპოზიციურ ძალთა მხრიდან აუცილებელია არსებული რეჟიმის დასამარცხებლად. მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლო შეთანხმება კი ამ კოორდინირებული ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტია. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების უფლებამოსილება აღმასრულებელმა საბჭომ მიანიჭა საბჭოს ოთხ წევრს: ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და ბატონებს გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს.
„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს გუშინდელი მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ სახელისუფლებო მედიაში ატეხილი აჟიოტაჟსა და კომენტარების გამო, საბჭომ საჭიროდ ჩათვალა გაევრცელებინა აღნიშნული პრეს-რელიზი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღენიშნა, რომ „სახალხო კრება", არის თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა ერთიანი გუნდი და რეალურ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება არ გულისხმობს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას.